ჩვენი საიტები
GE

კონკურსი საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

კონკურსი საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" აცხადებს კონკურსს, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და რებრენდინგის საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად სოციალური საწარმოსთვის "ისტორიალი-Istoriali".

ტექნიკური დავალება

აქციო-Actio

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს დაფუძნდა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი  პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. შესაბამისად, CSRDG-ს სამოქალაქო სექტორში წარმატებული საქმიანობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს.  CSRDG-ის მისიაა საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელს საზოგადოებას. 2009 წლიდან CSRDG-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ცენტრმა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50-მდე სოციალურ საწარმოს, სხვადასხვა ღონისძიებით ხელი შეუწყო კონცეფციის პოპულარიზაციას, დაიწყო სექტორის საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. 2022 წლის ივნისში CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით გავლენის ფონდი "აქციო" დააფუძნა. აქციო წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა. აქციო ასევე წარმოადგენს სანდო შესაძლებლობას როგორც კორპორატიული, ისე კერძო ინვესტორებისთვის, შეიტანონ წვლილი გრძელვადიანი სოციალური გავლენის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და Impact Europe პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით “თანამშრომლობა დადებითი  ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. (Collaborate for Impact - development of social entrepreneurship and social investments towards economic and social cohesion in the Eastern Partnership)“, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა Impact Europe, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება, სოციალური ინოვაციების პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისათვის, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს გავლენის ინვესტორებისა და სოციალური საწარმოების რაოდენობის ზრდასა და თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონში. ეს კი დაეხმარება სოციალურ საწარმოებს, გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური შედეგები და გაზარდონ სოციალური გავლენა. 

 

სოციალური საწარმო “ისტორიალი -Istoriali“

სოციალური საწარმო ისტორიალი 2000 წელს ა(ა)იპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფუძნდა. საწარმოს მისიაა ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და ცნობადობის ამაღლება. ისტორიალი, საქართველოს ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის თემატიკის გამოყენებით, დეკორატიულ და სასაჩუქრე პროდუქციის რამდენიმე ხაზს სთავაზობს მომხარებელს, კერძოდ:

• ქალის და მამაკაცის სამკაულს 

• კორპორატიულ სასაჩუქრე ნივთებს

• მცირე დეკორატიულ ქანდაკებებს

• სუფრის და საოფისე აქსესუარებს

• ისტორიულ-დეკორატიული თასების ასლებს

• მხატვრულ ინსპირაციებს 

დღეისათვის ისტორიალის კოლექცია 200-მდე დასახელების ნივთს აერთიანებს, რომლებიც შექმნილია ლითონმქანდაკებლობის (ვერცხლი, თითბერი, ბრინჯაო), კერამიკის და ტექსტილზე ბეჭდვის ტექნოლოგიებით. ისტორიალის სასაჩუქრე პროდუქცია მუზეუმების კოლექციებზე დაყრდნობით არის შექმნილი და ემსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ჩამოსხმული და ხელნაკეთი ნაკეთობები 24-კარატიანი მოოქროვებით, ცივი მინანქრის და ნახევრადძვირფასი ქვების გამოყენებით, ინარჩუნებენ ისტორიულ ორიგინალებთან სტილისტურ მსგავსებას და, ამავე დროს, შეესატყვისებიან თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.

Facebook: https://www.facebook.com/ISTORIALI

Website: https://www.istoriali.ge 

 

დავალების აღწერა და მიზნები:  ამ დავალების მიზანია სოციალური საწარმოს საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაფუძნებით  ბრენდბუქის განახლება.  

 

საკომუნიკაციო სტრატეგია უნდა მოიცავდეს მაგრამ არ იზღუდებოდეს:

• სამიზნე ჯგუფების/დაინტერესებული პირების იდენტიფიცირება;

• საკომუნიკაციო მიზნის იდენტიფიცირება თითოეული სამიზნე აუდიტორიისთვის;

• ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების/ შეტყობინებების მომზადება მიღწევებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით;

• ძირითადი საკომუნიკაციო არხების და სტრატეგიების იდენტიფიცირება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან მისასვლელად;

• თითოეულ აუდიტორიაზე მორგებული საკომუნიკაციო პროდუქტებისა და აქტივობების იდენტიფიცირება;

• შემოთავაზებული სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო რესურსების იდენტიფიცირება; 

• აქტივობის გეგმა;

 

ბრენდბუქი  უნდა მოიცავდეს მაგრამ არ იზღუდებოდეს:

1. განახლებული ლოგო; ლოგოს ფერები; ლოგოს ვარიაციები;

2. ძირითადი ტიპოგრაფია; 

3. ბრენდის ფერები (ძირითადი, მეორეხარისხოვანი); 

4. ძირითადი აიქონები; 

5. სოციალური მედიის ნიმუშები; 

6. პატერნი ან დამახასიათებელი გრაფიკული ელემენტები;

7. ბრენდის შესახებ საინფორმაციო პრეზენტაცია (მოწოდებული მასალის მიხედვით);

8. სამომავლო გამოყენებისთვის რეკომენდაციები, ნიმუშები ბრენდინგის ელემენტების გამოყენებით და სხვადასხვა მასალები; 

 

საბოლოო პროდუქტი:

• მთავარი ანგარიში (მაქს. 5 გვერდი) 

• კომუნიკაციის სტრატეგია (მაქს. 15 გვერდი + დანართები)

• ბრენდბუქი (მაქს. 20 გვერდი + დანართები)

დაინტერესებულმა პირებმა ან/და ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია ტექნიკურ დავალებაში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

შემოთავაზების დოკუმენტები უნდა მოიცავდეს:

• დაინტერესებული პირის ან/და ორგანიზაციის პორტფელს; 

• სამუშაო გეგმას ვადების მითითებით და სამუშაო მეთოდოლოგიას; 

• ბიუჯეტს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) ჩათვლით და მის გარეშე;

 

გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები და ფინანსური წინადადებები წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekaterine.iluridze@csrdg.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 12 თებერვლის 00:00 საათისა. 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ისტორიალი-საკონსულტაციო შეთავაზება“. 

სავარაუდო სამუშაო დროის განრიგი და ანგარიშგება:  დაგეგმილი დროის განრიგი არის ორი კალენდარული თვე, ზემოაღნიშნული სამუშაოს მოცულობისთვის 15 სამუშაო დღე.

საკონტაქტო პირები: 

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG)

ანა ეკატერინე ილურიძე 

Mobile: +(995)599-69-11-12;  

Mail: ekaterine.iluridze@csrdg.ge 

გაზიარება