მომხმარებლის უფლებების დაცვის მორიგი წარმატებული შემთხვევა! ჩვენი უსასყიდლო საადვოკატო დახმარების შედეგად, მომხმარებელმა კუთვნილი თანხა დაიბრუნა!
2021 წლის აპრილში არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ჩამოსულმა ტურისტების ჯგუფმა შპს მიმინოში ავტომობილი იქირავა. ქირასთან ერთად ტურისტებს 200 აშშ დოლარიც თანხაც გამოართვეს, როგორც დეპოზიტი ავტომობილის შესაძლო დაზიანების შემთხვევაში.
მოგზაურობის დროს ტურისტები ავარიაში მოყვნენ. საბედნიეროდ, ავარია მსუბუქი აღმოჩდა და არავინ დაშავებულა. გამოიძახეს პატრული, რომელმაც დამნაშავედ ავარიის მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლი ცნო. მიუხედავად ამისა, კომპანიამ ტურისტებს აღარ დაუბრუნა დეპოზიტად გადახდილი 200 აშშ დოლარი. კომპანიასთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო. ტურისტებმა დახმარებისათვის ჩვენ მოგვმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ტურისტის სახელით მოვამზადეთ სარჩელი და მივმართეთ სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე შპს მიმინოს წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საამართლომ დააკმაყოფილა ტურისტის სარჩელი და მას 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ დაბრუნებული თანხა ტურისტებმა ჩვენს ორგანიზაციას შემოსწირეს და იგი სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევებს მოხმარდება. ამგვარად, როგორც აღმოჩნდა, უცხოელი მოქალაქეებისათვის მთავარი მიზანი სამართლიანობის აღდგენა იყო.
იმედია ეს მაგალითი სხვა მომხმარებლებსაც წაახალისებს, რათა საკუთარი უფლებების დაცვას ეცადონ და ამით ხელი შეუწყონ საქართველოში მომხმარებლის პატივისცემის კულტურის ჩამოყალიბებას.