მიმდინარე წლის იანვარში მოქალაქე ელენე ჩიტიშვილმა ავეჯის მაღაზიასთან შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით მოგვმართა. მას შეძენილი ჰქონდა ძვირადღირებული დივანი, რომელიც შეძენიდან 6 თვის განმავლობაში, ახალ ბინაში უხმარი იდგა, ხოლო მოხმარებიდან 1 კვირაში გაფუჭდა. გარდა ამისა, ნივთი მოქალაქეს მიჰყიდეს, როგორც იტალიაში წარმოებული. თუმცა, მომხმარებელმა მოგვიანებით შეამჩნია იარლიყი, რომელზეც ეწერა, რომ ავეჯი თურქული წარმოების იყო.
მომხმარებელმა მიმართა მაღაზიას, სადაც ნივთი ჰქონდა შეძენილი, მაგრამ ავეჯის შეკეთებასა თუ გამოცვლაზე უარი უთხრეს.
ჩვენთან მომართვის შემდეგ, მოქალაქეს შევადგენინეთ წერილი მაღაზიის მიმართ, სადაც ჩამოყალიბებული იყო მომხმარებლის მოთხოვნა და მითითებული იყო, რომ მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოქალაქე სასამართლოს მიმართავდა.
წერილის მიღების მერე, მაღაზია დაუკავშირდა ქალბატონ ელენეს და დათანხმდა ავეჯის წაღებასა და თანხის დაბრუნებაზე. ოღონდ მოქალაქეს თანხის ორ ნაწილად დაბრუნება შესთავაზეს, რასთან დაკავშირებითაც უნდა დადებულიყო შეთანხმების აქტი. ჩვენ განვიხილეთ მაღაზიის მიერ შეთავაზებული აქტი და ისეთი შესწორებები შევატანინეთ, რომ მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული.
აქტის ხელმოწერის შემდეგ, მაღაზიამ მომხმარებელს თანხის ნახევარი, ხოლო აპრილში მეორე ნახევარი დაუბრუნა. ამგვარად, მომხმარებლის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.