ინიციატივის შესახებ
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისდა ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
"სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
CSRDG-ის მიერ განსახორციელებელი აქტივობებიდან ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგისა და ადვოკატირების მიმართულებით.
ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადვოკატირებას.
ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 8 დეკემბერს ZOOM აპლიკაციის მეშვეობით, ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით ენერგოეფექტურობა), რომელზეც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით მონიტორინგისა და ადვოკატირების აუცილებლობა. ჩვენი გაგება სახელმწიფო სტრატეგიის/პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის/ზედამხედველობის შესახებ (ლია თოდუა, CSRDG);
• რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ენერგო-ეფექტურობის მიმართულებით აღებული ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით და როგორ შეგვიძლია ამ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი მუნიციპალურ დონეზე (გიორგი აბულაშვილი);
• არასამთავრობო ორგანაზაციათა თანამშრომლობა მუნიციპალურ ორგანოებთან გარემოსდაცვითი პროექტების და კანონმდებლობის განხორციელებისას - რუმინეთის მაგალითზე. (კატალინა რადულესკუ, ასოციაცია AGENT GREEN)
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურად შეიმუშავებენ ზოგადი მონიტორინგისა და თემატური მონიტორინგის პროექტების იდეებს, წარუდგენენ მათ ტრენინგის მონაწილეებსა და ექსპერტებს და მიიღებენ უკუკავშირს.
ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 5 დეკემბერი, 24:00 საათი
ტრენინგზე სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/atLuPK6xnfzLRcoa8
ტრენინგზე მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა შესაბამისი ორგანიზაციიდან.
ონლაინ ტრენინგის ბმული და დღის წესრიგი შერჩეულ მონაწილეებს დაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.
გაითვალისწინეთ: ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია. მონაწილეთა დიდი რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს/ორგანიზაციებს, რომელთაც არ გაუვლიათ მსგავსი ტრენინგები.