ჩვენი საიტები
GE

სურსათის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე

სურსათის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე

თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა სურსათის 6 ნიმუში და შევამოწმეთ სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. საბედნიეროდ, ამ ნიმუშებში საღებავები არ აღმოჩნდა.

შემოწმება ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

სურსათში სიცოცხლისთვის საშიში საღებავი სუდანი ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოვაჩინეთ. მაშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) დაბინძურების სავარაუდო წყაროდ იმპორტირებული დაფქული წითელი წიწაკა მიიჩნია და მისი კონტროლის გასამკაცრებლად საგანგებო ბრძანებაც გამოსცა. ამის შემდეგ, 2020 წელს კიდევ ორჯერ ჩავატარეთ სურსათის კვლევა სუდანის შემცველობაზე და ორივეჯერ ჯამში 8 ნიმუშში აღმოჩნდა სუდანი (იხილეთ ბოლო კვლევის შედეგები). ამ საღებავით დაბინძურებული საკვები 2020 წელს სეს-მაც აღმოაჩინა (34-დან 9 ნიმუშში), ხოლო 2021 წლისათვის 33 ნიმუშის შემოწმება დაგეგმა.

ამგვარად, სეს-ის მიერ შემოწმებული ნიმუშების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო და რჩებოდა კითხვა, თუ რამდენად საკმარისი იყო მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები. ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ საღებავ სუდანზე დამატებითი ნიმუშების შემოწმება.

მანამდე პროდუქციის კვლევას ძირითადად უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ვახორციელებდით. ბოლო წელიწადნახევარია ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო დაფინანსება არ გვაქვს. ამიტომაც 2021 წლის სექტემბერში წამოვიწყეთ კამპანია კვლევისათვის საჭირო თანხების მოქალაქეებისაგან შესაგროვებლად (დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე). 2022 წლის 16 იანვრისათვის მოქალაქეების შემოწირულობებმა 2317 ლარი შეადგინა. ამას ჩვენი ორგანიზაციის რეზერვიდან 130 ლარიც დავამატეთ და 6 ნიმუშის შემოწმება შევძელით (თითო ნიმუშის კვლევა 400 ლარი ღირს, იხ. ლაბორატორიაში თანხის გადარიცხვის დოკუმენტი).

ვეცადეთ პირველ რიგში, ისეთი პროდუქტები შეგვერჩია, რომლებშიც წინა შემოწმებების დროს სუდანი ყველაზე მეტჯერ აღმოჩნდა და რომლებიც მაღაზიებში ახლაც ხელმისაწვდომი იყო.

სასიხარულოა, რომ ჩვენი და სეს-ის ბოლო შემოწმებების შედეგად სუდანით დაბინძურებული სურსათი საქართველოს ბაზარზე აღარ გამოვლინდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენმა აქტიურობამ და სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ზომებმა თავისი შედეგი გამოიღო.

თუმცა, შემოწმების მასშტაბი მაინც მცირეა და სუდანის შემცველობაზე სურსათის მონიტორინგის გაგრძელება მომავალშიც საჭირო იქნება.

გულითად მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც ამ კვლევის ჩასატარებლად თანხა შემოგვწირა და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა დიდი სტიმულია! 

შესაძლებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ სურსათის ბაზრის მონიტორინგს და, როგორც ყოველთვის, გავავრცელებთ მოპოვებულ ინფორმაციას.

შემოწმებული სურსათის სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გაზიარება