ევროკავშირისა და CSRDG-ის მხარდაჭერით, სოციალური საწარმო „ბაბალე“ ფართოვდება
თბილისი. 21 ოქტომბერი, 2023 წელი - ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, სოციალური საწარმო ბაბალე ფართოვდება და წარმოების 2 ხაზს - კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოებს ამატებს, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების გზით.
21 ოქტომბერს გაიმართა ‘‘ბაბალეს’’ კერამიკის სახელოსნოს გახსნის ღონისძიება, სადაც მოწვეულ სტუმრებს, როგორც საჯარო და ბიზნეს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და საწარმოს საქმიანობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელოსნოს საწარმოო პროცესებს, დაეთვალიერებინათ ახალი სახელოსნოს ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ახალი ხაზი და მონაწილეობა მიეღოთ კერამიკის ვორკშოფში.
სოციალური საწარმო ბაბალე CSRDG-ის პროექტის გავლენის ფონდ „აქციოს“ პორტფელის წევრია. აქციოს მხარდაჭერით გახსნილ კერამიკის სახელოსნოში, პროფესიონალი კერამიკოსები დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებთან ერთად დაამზადებენ პროდუქციას. აღსანიშნია, რომ ბაბალეს ბაზაზე, ასევე მოეწყო ცალკე სივრცე, სადაც ბაბალეს ტექსტილის პროდუქცია დამზადდება. შედეგად ბაბალე შეძლებს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური შედეგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას და საქმიანობის მასშტაბის გაზრდას.
„იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სურთ, რომ განივითარონ სამუშაო უნარები, გაცილებით დიდია, ვიდრე მაშინ, როცა ბაბალეს ისტორია იწყებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი იყო გაგვეკეთებინა მაქსიმუმი, რათა უფრო მეტი მოზარდისათვის მიგვეცა "ბაბალეს" რესურსებით სარგებლობის საშუალება. გავლენის ფონდ “აქციოს” მხარდაჭერით, საწარმოს მიეცა მეტი შესაძლებლობა განავითაროს როგორც ბიზნესი, ასევე სოციალური მიზნები და მეტი ადამიანის მხარდაჭერა შეძლოს“ - განაცხადა სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დამფუძნებელმა ლია ტაბატაძემ.
„აქციოს ინვესტიციისა და ახალი სახელოსნოების გახსნის შედეგად, ბაბალეს შესაძლებლობა მიეცა თავის საქმიანობაში ჩართოს დაუნის სინდრომის მქონე უფრო მეტი ახალგაზრდა. მოხარულები ვართ, რომ მომდევნო 5 წლის მანძილზე ბაბალეში არტთერაპიისა და პროფორიენტაციის პროგრამას გაივლის 30 დსმ ახალგაზრდა, ხოლო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში ჩაერთვება 20-მდე დსმ ახალგაზრდა.“ - განაცხადა გავლენის ფონდ „აქციოს“ მენეჯერმა ქრისტინე კანდელაკმა და ბაბალესთვის ამ შესაძლებლობის შექმნისთვის, მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გავლენის ფონდის ინვესტორებს.
სახელოსნოები შეიქმნა ევროკომისიის (DG NEAR) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) ერთად ახორციელებს.
ბაბალეს შესახებ
2015 წელს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა გაერთიანებამ, სოციალური მეწარმეობა CSRDG-ის მცირე გრანტის ფარგლებში დაიწყო, რაც თავდაპირველად პროექტის სახით ფუნქციონირებდა. 2018 წლიდან კი არსებობს, როგორც „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" შპს "სოციალური საწარმო ბაბალე“. საწარმოს 100%-იანი მფლობელი თავად დამფუძნებელი ორგანიზაციაა. მიღებული მოგება ხმარდება ბაბალესა და ასოციაციის სოციალურ მიზნებს, ასევე რეინვესტირდება საწარმოს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.
„აქციოს“ ინვესტიცია
აქციოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ბაბალეს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის, ისე სოციალური შედეგების გაზრდა. აქციოს მხარდაჭერით გახსნილი კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოების მოწყობა ბაბალეს საშუალებას მისცემს, სწავლების პროცესში ჩართოს დაუნის სინდრომის მქონე მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას როგორც ადგილზე, ისე ძირითად შრომის ბაზარზე.
აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად, ბაბალე იღებს 50 000 ევრომდე ფინანსურ მხარდაჭერას და დამატებით სიღრმისეულ მხარდაჭერას სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით. მომდევნო 5 წლის მანძილზე ბაბალე გეგმავს შემდეგი სოციალური შედეგების მიღწევას: შეიქმნება გამართული, დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული არტთერაპიის, პროფორიენტაციისა და მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამები; არტთერაპიისა და პროფორიენტაციის პროგრამებს გაივლის დაუნის სინდრომის მქონე 30 ახალგაზრდა; სტაჟირების პროგრამას გაივლის 20 დსმ ახალგაზრდა; ბაბალეში დამატებით დასაქმდება 5 დსმ ახალგაზრდა, ხოლო ბაბალეს გარეთ - 10 ახალგაზრდა; გაიზრდება დსმ ახალგაზრდების მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ბაბალე შემოსავლების 30%-იან ზრდას გეგმავს.