ჩვენი საიტები
GE

IMPACT IN THE NEIGHBORHOOD - პირველი რეგიონალური კონფერენცია საქართველოში

IMPACT IN THE NEIGHBORHOOD - პირველი რეგიონალური კონფერენცია საქართველოში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში პირველად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური, საერთაშორისო კონფერენცია „Impact in the Neighborhood“ გაიმართა. ღონისძიებას ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გავლენის ფონდ "აქციო“-სა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) ერთად, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში  უმასპინძლა.

კონფერენცია „Impact in the Neighborhood“ გახსნა EVPA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტა ბორსუგიმ, DG NEAR-ის წარმომადგენელმა ჰოა-ბინ აჯემიანმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ქეთევან თათოშვილმა და CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

ღონისძიებას ეწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი კორპორაციული და გავლენის ფონდების, გავლენის აქსელერატორების, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე გავლენის ინვესტორები, კორპორაციული ფილანთროპიითა და სოციალური ინვესტირების საკითხებით დაინტერესებული პირები.

ევროკავშირის მხარდაჭერილი ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ფართოდ გავრცელებული, საერთაშორისო მიდგომების წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონფერენციის სხვადასხვა ფორმატში დასწრებოდნენ თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა "Impact for Breakfast" შეხვედრა, სადაც გავლენის ფონდების ლიდერებმა, არაფორმალურ გარემოში, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ინვესტირების თანამედროვე მიდგომებითა და გრძელვადიანი დადებითი სოციალური გავლენის შექმნით დაინტერესებულ ბიზნეს ლიდერებს.  

ღონისძიების მომხსენებლებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან წარადგინეს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების მშენებლობისა და განვითარების წარმატებული მაგალითები, მათ შორის, კონფლიქტურ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს მულტისექტორული პარტნიორობით, გრძელვადიანი მიდგომების შექმნის განსხვავებული გამოცდილება როგორც კორპორაციებთან და საფინანსო სექტორთან, ასევე, მუნიციპალიტეტებსა და საჯარო უწყებებთან; იმსჯელეს სოციალური მიზნების მქონე ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების, ასევე მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე. 

„ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ გლობალურად ვმუშაობთ სოციალური გავლენის მქონე ეკოსისტემების შექმნაზე, რომელიც ერთი მხრივ,  სოციალური მეწარმეობის სექტორში ქმნის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალ შესაძლებლობებს, ხოლო, მეორე მხრივ აძლიერებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ფონს. იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია რეგიონში ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება,“ - განაცხადა EVPA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტა ბორსუგიმ.

 „მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სოციალური გავლენის მქონე ინვესტირების პრაქტიკის წახალისებას საქართველოში, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მექანიზმია," - განაცხადა კონფერენციის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, ქეთევან თათოშვილმა.

„საქართველოში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პრაქტიკის პოპულარიზაციასა და დანერგვაზე, რისთვისაც შევქმენით პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ და მოხარულები ვართ, რომ პირველად რეგიონში, სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას Impact in Neighborhood“, - აღნიშნა CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

კონფერენციას საპატიო სტუმრების რანგში დაესწრნენ ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საელჩოების წარმომადგენლები. რეგიონში პირველად, თბილისში გამართულმა კონფერენციამ 40-ზე მეტი ქვეყნიდან 200 საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმარს უმასპინძლა. 

„Impact in Neighborhood“-ის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

პროექტის შესახებ

კონფერენცია განხორციელდა ევროკავშირისა და ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან CSRDG, SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

ღონისძიება გაიმართა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტთან „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანამშრომლობით. პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური შესაძლებლობაა.

კონფერენციის მედიაპარტნიორები: 

BMG, ბიზნესპარტნიორი, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო იმედი, რადიო ფორტუნა, რადიო კომერსანტი, BPN.GE; Pioneers Post - The Social Enterprise Magazine.

საკონტაქტო პირი:

ნინი ხუგაშვილი

კომუნიკაციების მენეჯერი - CSRDG

(+995) 599 872 777;  

ელ. ფოსტა: nini.khugashvili@csrdg.ge

 

გაზიარება