ჩვენი საიტები
GE

ევროკავშირისა და CSRDG-ის მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის "UNDERSEEN" ჩვენება გაიმართა საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის

ევროკავშირისა და CSRDG-ის მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის "UNDERSEEN" ჩვენება გაიმართა საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის

2025 წლის 5 აპრილს, ევროკავშირის მხარდაჭერით, უკრაინულ სახლში დოკუმენტური ფილმის UNDERSEEN სპეციალური ჩვენება გაიმართა საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის. ღონისძიებას მასპინძლობდნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და უკრაინული სახლი.

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი UNDERSEEN 2024 წელს, ლვოვშია გადაღებული და მაყურებელს აცნობს უნიკალურ სოციალურ ინიციატივას - უკრაინულ მუზეუმს Museum in the Dark, რომელიც მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის შეიქმნა და მათ მიერვე იმართება.

ფილმი გვიყვება გაბედული ადამიანების ისტორიებს. მისი მთავარი გმირია ალინა მარნენკო — მუზეუმის დამფუძნებელი, რომელმაც ომის პირობებში ბნელი მუზეუმის იდეას ახალი სიცოცხლე შესძინა. ის სხვა ძლიერ უკრაინელ ქალებთან ერთად ქმნის მეტად ინკლუზიურ მომავალს.

ფილმში ასახულია, როგორ უმკლავდება ალინა ომის დროს გაჩენილ რთულ რეალობას, როგორ ეხმარება სხვებს და როგორ ცდილობს თემის გაძლიერებას თანამოაზრეებთან ერთად.

UNDERSEEN ხაზს უსვამს სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობას - როგორ შეიძლება სოციალური ინიციატივები იქცეს ცნობიერების ამაღლების, მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიის, ინტეგრაციისა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებად.

სიბნელეში შეცნობილი სამყარო

ფილმის ჩვენების შემდეგ, უკრაინული სახლის ინიციატივით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  თავადაც შეეგრძნოთ მხედველობის არმქონე ადამიანების ყოველდღიური გამოცდილება - სრულად ბნელ ოთახში მათ შეეძლოთ სხვადასხვა საგნის აღქმა შეხების, ხმისა და გემოს მეშვეობით. ინტერაქტიული ელემენტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა იმ გზას, რომელსაც მხედველობადაქვეითებული ადამიანები ყოველდღიურად გადიან.

პროექტის შესახებ

დოკუმენტური ფილმი UNDERSEEN შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Impact Europe-ის მიერ, პროექტის თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის ფარგლებში. პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოში პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ხოლო რეგიონული პარტნიორები არიან: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

გაზიარება