ჩვენი საიტები
GE

ევროკავშირი და CSRDG ხელს უწყობენ საქართველოში თოჯინური ანიმაციის აღდგენას

ევროკავშირი და CSRDG ხელს უწყობენ საქართველოში თოჯინური ანიმაციის აღდგენას

31 მარტს, კინოთეატრ ამირანში, ევროკავშირისა და CSRDG-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმო „ფანტასმაგორიას“ პრეზენტაცია და საწარმოს პირველი თოჯინური ანიმაცია „ელენე დარიანის“ დახურული პრემიერა  გაიმართა.

ღონისძიებამ სხვადასხვა სექტორის 450-მდე წარმომადგენელს უმასპიძლა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სოციალური საწარმოს მიზნებს, დაეთვალიერებინათ ფილმისთვის შექმნილი თოჯინური დეკორაციები და დახურული პრემიერის ფორმატში, პირველად ენახათ ინოვაციური, სტოპ-მოუშენ ტექნოლოგიით გადაღებული ანიმაცია „ელენე დარიანი“, რომელსაც ფართო აუდიტორია საერთაშორისო ფესტივალებზე იხილავს.

,,ელენე დარიანი“ მე-20 საუკუნის თბილისის პოეტური სიყვარულის ისტორიას აცოცხლებს, რომლის გადაღებაზეც ფანტასმაგორიას გუნდი 1,5 წლის მანძილზე მუშაობდა. “გვახარებს,  რომ ფილმმა  საფესტივალო ცხოვრება უკვე დაიწყო და მისი მსოფლიო პრემიერა ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება. ამ შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს,“ - აღნიშნეს ღონისძიების გახსნისას „ფანტასმაგორიას“ დამფუძნებლებმა. 

„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ „ფანტასმაგორიას“ გაძლიერებას, რომელიც  ხელოვნების მივიწყებული დარგისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავით, აფართოებს შემოქმედებით საზღვრებს, ხელს უწყობს თოჯინური ანიმაციის პოპულარიზაციას საქართველოში და, ამავდროულად, ზრუნავს დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაზე,“ - განაცხადა CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ეკა დათუაშვილმა. 

სოციალური საწარმო „ფანტასმაგორია“ თბილისის მერიის ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, მხატვრული კინოს რეჟისორ სოფო ჭინჭარაულისა და ანიმაციური ფილმის რეჟისორ ელენე თავაძის მიერ, 2022 წელს დაფუძნდა.  2023 წელს, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ,,ფანტასმაგორია“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. სწორედ, ამ აღჭურვილობის შედეგად, ფილმი ,,ელენე დარიანი“ ახალი სიტყვაა ქართულ თოჯინურ ანიმაციაში. 

,,ფანტასმაგორიას“ მიზანია საქართველოში თანამედროვე მეთოდებით კულტურული მემკვიდრეობის, თოჯინური ანიმაციის აღდგენა და საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრება. საწარმოს მისიაა ქვეყანაში სტოპ-მოუშენ თოჯინური ანიმაციის პოპულარიზაცია  ანიმაციის წარმოებითა და საგანმანათლებლო აქტივობების გზით. საწარმომ უკვე გადაამზადა 11 ახალგაზრდა პროფესიონალი, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ფანტასმაგორიას ბაზაზე, მომავალ თაობას გაუზიარებენ. 

თოჯინური ანიმაცია „ელენე დარიანი“ შექმნილია ევროკავშირის, თბილისის მერიის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG),,სილქ ფაქტორი სტუდიოს“, ქალთა ფონდისა და ,,თბილისი იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა  მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

პროექტის შესახებ

სოციალური საწარმო "ფანტასმაგორია" მხარდაჭერილია პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პროექტი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვით, ხელს უწყობს  საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა და  გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას. 

გაზიარება