ჩვენი საიტები
GE

ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის პოლიტიკა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ღიაა სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის, თუკი აღნიშნული თანამშრომლობა შეესაბამება CSRDG-ის პრინციპებსა და მიზნებს. დასახული მიზნების მისაღწევად CSRDG თანამშრომლობს ყველა სექტორის ორგანიზაციებთან, მათ შორის ბიზნეს სექტორთან. 

CSRDG-ის შემუშავებული აქვს ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის პოლიტიკა, რომელიც ასახავს ორგანიზაციის ღირებულებებს და სტრატეგიულ მიზნებს და უზრუნველყოფს შესაძლო რისკების, მათ შორის რეპუტაციული რისკების მინიმუმამდე დაყვანას და პოტენციური პარტნიორების შესაბამისობას CSRDG-ის მისიასა და ეთიკურ პრინციპებთან, აგრეთვე ეფექტური და ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წარმართვას ბიზნეს სექტორთან.

CSRDG-ის საქმიანი ურთიერთობა ბიზნეს სექტორთან შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის და მასშტაბის - ერთჯერადი/მოკლევადიანი ან გრძელვადიანი, მასში შეიძლება მონაწილეობდეს ორი ან მეტი მხარე. კერძოდ, CSRDG განიხილავს ურთიერთობის შემდეგ ფორმებს ბიზნეს სექტორთან: 

  • ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება - გულისხმობს გამოცდილების და საუკეთესო მაგალითების გაზიარებას ბიზნეს სექტორისთვის;
  • პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული დიალოგი - მოიაზრებს დიალოგს / დისკუსიას დაინტერესებულ მხარეებთან (ბიზნეს სექტორთან), რომლის მიზანია პოლიტიკის შემუშავება ან   გაუმჯობესება;
  • კონკურსები - გულისხმობს ბიზნესის მონაწილეობას CSRDG-ის მიერ ორგანიზებულ  კონკურსებში;
  • რესურსების მობილიზება - გულისხმობს ნაღდი ფულის, საქონლის ან სერვისის მიღებას ბიზნეს სექტორისგან CSRDG-ის პროგრამული საქმიანობის და/ან ბენეფიციარი ორგანიზაციების მხარდასაჭერად;
  • ერთობლივი ინიციატივები - გულისხმობს CSRDG-ის და ბიზნეს სექტორის პარტნიორულ ინიციატივებს, სადაც მხარეები თანხმდებიან იმუშაონ ერთად, კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ან საერთო მიზნის მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში გააერთიანონ საკუთარი რესურსები და გაიზიარონ პარტნიორობასთან დაკავშირებული რისკები, პასუხისმგებლობები და მიღებული სარგებელი;
  • სერვისის მიწოდება - გულისხმობს CSRDG-ის მიერ ფასიანი სერვისის(ების) მიწოდებას ბიზნეს სექტორისთვის;

გამომდინარე იქიდან რომ ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები სხვადასხვა დონის პასუხიმგებლობას გულისხმობს და ასევე, განსხვავებულ რისკებთან არის დაკავშირებული, CSRDG-ის შემუშავებული აქვს ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის ორი მიდგომა:

მიდგომა 1: 

აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, CSRDG-ს არ გააჩნია რაიმე სახის შეზღუდვები და ის განიხილავს ნებისმიერ კომპანიასთან ურთიერთობას. CSRDG აღნიშნულ მიდგომას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს კომპანიასთან ურთიერთობის ფორმა არ მოითხოვს რესურსების, რისკების ან პასუხისმგებლობის გაზიარებას. კერძოდ, ურთიერთობის ეს ფორმებია: ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება ან პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული დიალოგი. 

მიდგომა 2: 

იმ შემთხვევაში თუ CSRDG-ის საქმიანი ურთიერთობის ფორმა ბიზნეს კომპანიასთან გულისხმობს CSRDG-ის მიერ ორგანიზებულ და მართულ კონკურსებში, ქსელებში, პლატფორმებსა და კამპანიებში მონაწილეობას, რესურსების ერთობლივ მობილიზებას, ერთობლივ ინიციატივებს ან სერვისის მიწოდებას CSRDG-ის მხრიდან, CSRDG-ი იყენებს რისკების მართვის ორსაფეხურიან მიდგომას: ა) სექტორულ გაცხრილვას და ბ) კონკრეტული კომპანიის ზეგავლენების შეფასებას. 

ა) სექტორული გაცხრილვა: CSRDG არ განიხილავს ურთიერთობას ბიზნეს კომპანიასთან, რომელიც მიეკუთვნება საზოგადოებაზე პოტენციური ნეგატიური ზეგავლენის მქონე სექტორებს, კერძოდ:

  • სათამაშო ინდუსტრია (აზარტული თამაშები, მათ შორის ონლაინ თამაშები, კაზინოები და მსგავსი სახის დაწესებულებები)
  • თამბაქოს  წარმოება ან ვაჭრობა (არ იგულისხმება საცალო ვაჭრობის ობიექტის/ების მფლობელი ფირმა, რომელიც სხვა საქონლითაც ვაჭრობს)
  • იარაღის წარმოება ან იარაღით
  • საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით აკრძალული ბიზნეს საქმიანობები ვაჭრობა

ბ) კონკრეტული კომპანიების ზეგავლენების შეფასება: სხვა ბიზნეს სექტორების შემთხვევაში, CSRDG ახდენს პოტენციური პარტნიორი ბიზნეს კომპანიის საქმიანობის შესწავლას და ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე ორგანიზაციის საქმიანობის  ზეგავლენების განსაზღვრას. ბიზნეს კომპანიის საქმიანობის შეფასების მიზანია განსაზღვროს ის რისკები/ზეგავლენები და შესაძლებლობები, რომელიც წარმოიშობა CSRDG-ის და ბიზნეს სუბიექტის ურთიერთობის შედეგად და ხელი შეუწყოს სწორი გადაწყვეტილების მიღებას შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. 

CSRDG თავს შეიკავებს თანამშრომლობისაგან, თუკი, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაადგენს, რომ კომპანია გაუმართლებელ ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს ან საზოგადოებას.