კვლევითი საქმიანობა

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” დაარსებისთანავე აქტიურად აწარმოებს კვლევით საქმიანობას. ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევები და გამოცემები მიმართულია საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების შესწავლაზე. კვლევითი საქმიანობის წარმატებას და მნიშვნელობას ადასტურებს სამთავრობო სტრუქტურებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან მოსული პოზიტიური გამოხმაურებები და ბიულეტენის მომხმარებელთა კვლევა. ცენტრის პუბლიკაციებს მკითხველთა დიდი ნაწილი ანალიტიკური და აქტუალური ინფორმაციის სარწმუნო წყაროდ აღიქვამს.

ცენტრის პუბლიკაციებში გამოქვეყნებული მაღალკვალიფიციური ექსპერტების სტატიები წარმატებული ინტერვენციების დაგეგმის მყარ საფუძველს წარმოადგენს სხვდასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის.

სოფლის განვითარება

1998 წლიდან “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი” რეგიონებში სამოქალაქო ინსტიტუტების ფორმირებასა და გაძლიერებაზე მუშაობს. ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის ახალგაზრდობას, რაც ახალგაზრდული სათემო ჯგუფების ფორმირებას და გაძლიერებას მოიაზრებს. ამ მიზნით ცენტრი უწევს ტექნიკურ-ინფორმაციულ და ფინანსურ მხარდაჭერას.

კახეთსა და გურიის რეგიონებში ორგანიზაციის მიერ 2006 წლიდან ეტაპობრივად ინიცირებული და მხარდაჭერილი 22 სათემო ახალგაზრდული ცენტრი მყარ ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის პროცესზე. ახალგაზრდულმა ცენტრებმა, წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად დაამტკიცეს, რომ წარმოადგენენ ახალგაზრდა ლიდერების გამოვლენის, გამოცდილების და ცოდნის დაგროვების, სოფლებში მოქალაქეთა გააქტიურების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ერთ-ერთ წარმატებულ საშუალებას. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლებასაც მსგავსი ცენტრების შექმნის სურვილი გაუჩნდათ.

სათემო ახალგაზრდული ცენტრები არის ერთადერთი “ნათელი წერტილი” სოფლებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას რეალურ დახმარებას და საჭირო მომსახურებას სთავაზობენ.

კანონშემოქმედებითი საქმიანობა

მნიშვნელოვანი კანონპროექტები მომზადდა ცენტრის ექსპერტთა მიერ და მათთან თანამშრომლობით. ეს კანონპროექტები გარკვეული ცვლილებებით/დამატებებით მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ.

1995 წლიდან 2010 წლამდე ცენტრის საკანონმდებლო ინიციატივები გახლდათ: ორი კანონპროექტი – გარემოს დაცვით ნებართვებსა და პოლიტიკურ პარტიებზე(რაც პარლამენტმა მიიღო), კანონპროექტი “გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ”, “საქართველოს II, ეროვნული გარემოს დაცვითი სამოქმედო გეგმის” ალტერნატიული ვარიანტი; შევიმუშავეთ “საქართველოს ქიმიური პროფილის” განახლებული ვერსია, ასევე, აქტიურად ვმონაწილეობდით “მდგრადი ორგანული დაბინძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის” ეროვნულ განხორციელების გეგმის განახლებაში და გარემოს მდგომარეობის ეროვნული ანგარიშის მომზადებაში.

 

კარგი მმართველობის ხელშეწყობა

მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის საკითხებზე ცენტრი 1998 წლიდან მუშაობს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის 12 წლიანმა საქმიანობამ და განხორციელებულმა არაერთმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების საქმეში.

2002 წელს ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო მონიტორინგის ქსელი, რომელიც ფარავს კახეთისა და გურიის რეგიონებს. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ცენტრის მიერ ორგანიზებულია 300-ზე მეტი ტრენინგი და სემინარი, 30-მდე სამუშაო შეხვედრა და ამდენივე საკონსულტაციო მომსახურება.

ქსელის საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესი, გაიზარდა თვითმართველობის ორგანოთა განჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმა

2009 წლიდან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციეთან თანამშრომლობით, “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი” ამზადებს საქართველოს ხელისუფლების მიერ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიურ ალტერნატიულ ანგარიშს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

2004 წელს “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა”, ადგილობრივ ორგანიზაციებში პირველმა დაიწყო საუბარი ბიზნესის კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ქვეყანაში დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. მას შემდეგ ცენტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე უშუალოდ მსხვილ ბიზნეს კომპანიებთან.

ცენტრმა მოამზადა და გამოსცა “ანგარიშგების გლობალური ინიციატივა” (GRI) მდგრადი განვითარების ანგარიშგების ფორმატის ქართული ვერსია; შეიმუშავა რეკომენდაციები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის პოლიტიკის შესახებ საქართველოს მთავრობისთვის.

2007 წლიდან ცენტრი გაეროს “გლობალური შეთანხმების” (UN Global Compact) რეგიონული ქსელის აქტიური წევრია, რომელიც მსოფლიოში კორპორაციული მოქალაქეობის ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს; ხოლო 20019 წელს ცენტრმა თორმეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციათან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომლის მიზანია საქართველოში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებისა და პრაქტიკის გავრცელების ერთობლივი ხელშეწყობა.

მომხმარებელთა უფლებები

ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების და წარმატებული კამპანიის შედეგად მედიამ წამოწია მომხმარებელთა უფლებების პრობლემატიკა, რამაც ამ საკითხისადმი მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია.

სურსათის ბაზარზე არსებული რამდენიმე პროდუქტის კვლევის შედეგად გამოვავლინეთ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები. აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით რამდენიმე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვია, რამიც საბოლოო ჯამში განაპირობებს მომხმარებლისთვის სურსათის ბაზრის უსაფრთხიებუს ხარისხის ზრდას.